5 თებერვალი 2020
1989 წელს სამედიცინო სასწავლებელი ახალი დამთავრებული მქონდა და საავადმყოფოში ექთნად ვმუშაობდი. მყავდა პაციენტი, რომელიც ფილტვების ანთებით იზოლატორში იწვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა აუცილებელ უსაფრთხოების ზომას ვიცავდი, რაღაცნაირად მეც იგივე ტიპის პნევმონია გადამედო. ერთ ღამეს გავხდი ავად. ძლიერმა კანკალმა და 38.9 გრადუსმა სიცხემ გამაღვიძა. იმ დროს ჯერ კიდევ საექთნო საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, ამიტომ მეორე ექთანი გავაღვიძე, რომელმაც ქუჩის გადაღმა მდებარე საავადმყოფოში გადამიყვანა. მიღების განყოფილების ექიმებმა დაუყოვნებლივ დამაწვინეს კლინიკაში.
მეორე დღისთვის სიცხემ 40 გრადუსს მიაღწია. ყველაზე მაღალზე ტემპერატურა - 40.7 გრადუსამდე ავიდა. ძალიან მძიმედ ვიყავი. ვერც ცხვირით ვსუნთქავდი და ვერც პირით. ინფექციონისტმა მითხრა, რომ კლებსიელას პნევმონია მქონდა, რასაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. საავადმყოფოში დაახლოებით 2 თვე გავატარე. ერთ დღესაც, როცა სიცხე ისევ 40-40.7-მდე ავიდა, ვერ ვსუნთქავდი და უბრალოდ მინდოდა, ეს ტანჯვა დასრულებულიყო. მინდოდა გამოვჯანმრთელებულიყავი. დედ-მამის ერთადერთი შვილი ვარ და ექიმებმა დედაჩემს უთხრეს, რომ უკეთესობა არ მეტყობოდა, მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკების უზარმაზარ დოზებს ვიღებდი. დედას ისიც კი უთხრეს, რომ დიდი ალბათობით მოვკვდებოდი, რადგან იმ დროისთვის უკვე სეფსისი მქონდა განვითარებული. დედაჩემი ყვიროდა: „მაგრამ ის ხომ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა!!“
ზუსტი დღე არ მახსოვს, მაგრამ 2-თვიანი ავადმყოფობის შემდეგ მახსოვს, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამას მეტს ვეღარ გავუძლებდი. მახსოვს, მესმოდა, როგორ ამბობდნენ რეანიმაციაში ჩემი საწოლის გარშემო შეკრებილი ექიმები და ექთნები: „ის ვეღარ გადარჩება“.
თვალები დავხუჭე და უეცრად სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. არანაირი სინათლის გვირაბი ან რამე მსგავსი - უბრალოდ პირდაპირ იქ ვიყავი. თავიდან ცოტა დავიბენი. სად ვარ? ბილიკზე ვიდექი, საიდანაც ჩანდა ბორცვები, მწვანე ბალახი, ანკარა ნაკადული და დაბალი ქვის ღობე. ვხედავდი ყველანაირ ცხოველსა და უამრავ ყვავილს. ფერები იმდენად მკვეთრი და სავსე იყო, დედამიწაზე ასეთი ფერები უბრალოდ არ არსებობს. საიდანღაც ნაზი მუსიკის ხმა მესმოდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი, საიდან მოდიოდა. ბილიკზე, სადაც ვიდექი, ზამბახები დავინახე; გადავიხარე, რომ დამეყნოსა და მათ ზუსტად ლიმონათის სუნი ჰქონდათ!!
მოულოდნელად გამოჩნდა ოქროსფერი ეტლი, რომელშიც ხალხი იჯდა. კარი გაიღო და მეც ყოველგვარი კითხვის გარეშე შიგნით შევედი. ეტლს მეეტლე არ ჰყავდა. ყველა იმ სიკვდილისპირა გამოცდილების ისტორიაში, რაც კი წამიკითხავს, არავის უხსენებია რამე ტიპის ეტლი. მოკლედ, მიგვიყვანეს სასახლემდე - ეს ერთადერთი სიტყვაა, რომლითაც შემიძლია აღვწერო - და შეგვიყვანეს ძალიან დიდ ოთახში, სადაც ყველა ასაკისა და რასის ადამიანი იმყოფებოდა. ოთახი მრგვალი იყო, კედლებზე ოქროსფერი სანთლები ენთო. კედლები მტრედისკვერცხისფერ ცისფერში იყო შეღებილი, ოქროსფერი კანტებით. ოთახის ერთ მხარეს ორი უზარმაზარი კარი იდგა. ამ ოთახში ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი იყო.
უეცრად ზურგს უკან ვიღაცის ყოფნა ვიგრძენი ძლიერად. მივტრიალდი და ჩემი დიდი ბებია და ბებია დავინახე!! მათთან ერთად გავიზარდე ერთ სახლში, ასე რომ, ზუსტად ვიცოდი, ვინც იყვნენ, თუმცა ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს 17-21 წლისები ყოფილიყვნენ. ჩემი დიდი ბებია 1978 წელს გარდაიცვალა 100 წლის ასაკში, ხოლო ბებია, რომელთანაც უზომოდ ახლოს ვიყავი, 3 წლის წინ, 1985 წელს იყო გარდაცვლილი. წესით, ჩემი დიდი ბებიის ცნობა ვერ უნდა შემძლებოდა, რადგან არასდროს მენახა მისი ფოტო, სადაც ის 17 წლისაა (1895 წელს). მაგრამ ორივე ვიცანი. მათ შეხების უფლება არ მომცეს; მითხრეს, რომ ჯერ მზად არ ვიყავი და ოდესმე მათ კვლავ ვნახავდი.
დაახლოებით ამ დროს ეს ორი უზარმაზარი კარი გაიღო. გამოჩნდნენ არსებები, რომლებზეც რაღაცნაირად იქვე მივხვდი, რომ ანგელოზები იყვნენ. მათ ძალიან კაშკაშა თეთრი სამოსი ეცვათ და ძალიან მაღლები იყვნენ - დაახლოებით 3 მეტრზე მეტი სიმაღლის. მათ გამოჩენას არ შევუშინებივარ. მათ ადამიანთა ჯგუფების ამ კარებში გაყვანა დაიწყეს. მეც მინდოდა გაყოლა, მაგრამ მითხრეს, რომ ჩემი დრო ჯერ არ იყო დამდგარი. ვხედავდი წარმოუდგენლად კაშკაშა სინათლეს და რაღაცნაირად ვიცოდი, რომ ეს ღმერთი იყო. უცებ ყველაფერს, რაზეც კი ოდესმე კითხვა მქონია, აზრი და პასუხი მოეძებნა. მყისიერად გავიაზრე, რომ ჩვენ ყველაფერთან ერთიანი ვართ.
კიდევ ერთი რამ: ყველანი ლაპარაკობდნენ, თუმცა ეს უფრო ტელეპათიას ჰგავდა. მივუტრიალდი ჩემს დიდ ბებიას და ბებიას და ვუთხარი, რომ დარჩენა მინდოდა. მათ კიდევ ერთხელ მითხრეს: „არა, შენ ჯერ მზად არ ხარ“.
და შემდეგ, რაც მახსოვს, ის არის, რომ თვალები ისევ რეანიმაციაში გავახილე. ასე, უბრალოდ. თვალები ისევ დავხუჭე, რადგან უკან დაბრუნება ძალიან მინდოდა, მაგრამ ვეღარ შევძელი. ერთ-ერთი ექთანი მოტრიალდა და გაოცებისგან სული შეეგუბა. მან თქვა, რომ დაახლოებით 20 წუთის წინ გარდაცვლილად გამომაცხადეს. ექიმებს არასდროს ესმოდათ, თუ როგორ „გამოვჯანმრთელდი“ (მათივე სიტყვებით). მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილად მოვკვდი და ცისკრის/სამოთხის პატარა ფრაგმენტი ვიხილე.
30 წელზე მეტი დამჭირდა იმისათვის, რომ ვინმესთვის მომეყოლა ის, რაც გამოვცადე. პირველი ადამიანი, ვისაც ეს ვუთხარი, ჩემი ქმარი იყო - ისიც მას შემდეგ, რაც უკვე წლები ვიყავით ქორწინებაში. ჟანგბადის ნაკლებობა არ მქონია, არანაირ ნარკოტიკულ/გამაყუჩებელ საშუალებებზე არ ვყოფილვარ და ეს არ ყოფილა სიზმარი!! ბოლოს და ბოლოს გავიხსენი და ჩემი სიკვდილისპირა გამოცდილება სხვებსაც გავუზიარე.
ეს მაგალითად მომაქვს იმის ასახსნელად, რაც გამოვცადე: დღეს დილით გაიღვიძეთ, ისაუზმეთ, შხაპი მიიღეთ და შესაძლოა სამსახურში მანქანით წახვედით? ეს ყველაფერი მართლა გააკეთეთ თუ სიზმარში ნახეთ? რა თქმა უნდა, მართლა გააკეთეთ. ზუსტად ასეთი იყო ჩემი სიკვდილისპირა გამოცდილებაც. ის იყო ძალიან რეალური, ძალიან მკვეთრი და ენით აღუწერლად საოცარი!! და დღემდე, როდესაც ზამბახის დასაყნოსად დავიხრები, კვლავ ლიმონათის სურნელს ვგრძნობ.
ნათარგმნია IANDS-ის არქივიდან: https://research.iands.org/research/nde-research/nde-archives31/newest-accounts/1433-nurse-dead-for-20-minutes-sees-god-but-can-t-enter.html