12 აპრილი 2025
2024 წლის 25 ივლისს შვილი დავკარგე. გრძელი, 8 თვიანი გლოვისა და იმ შეგრძნების შემდეგ, რომ აქ ყოფნა უბრალოდ აღარ შემეძლო, გადავწყვიტე, მთელი მუჭა წამალი დამელია და სამზარეულოს იატაკზე დავწოლილიყავი, რათა დილით ჩემს ქმარს ვეპოვე. მახსოვს, როგორ დავლიე აბები, როგორ დავწექი იატაკზე და ვლოცულობდი იმიზე, რაც უნდა მომხდარიყო. ალბათ ჩამეძინა ან მოვკვდი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შემდეგ რაც მახსოვს, ის იყო, რომ ჩემს სხეულს ვხედავდი.
საკუთარ თავზე მაღლა ავედი და ვხედავდი იატაკზე მწოლიარე ჩემს სხეულს. ეს იმდენად უცნაური იყო, რადგან თან ვცდილობდი უკან დავბრუნებოდი სხეულს, მაგრამ რაღაც განუწყვეტლივ ზევით მექაჩებოდა. ეს არ ჰგავდა მტვერსასრუტივით შეწოვას; ერთდროულად ნელიც იყო და სწრაფიც, და იქ ძალიან კაშკაშა სინათლეც იყო. უამრავი განსხვავებული ფერი დავინახე - ისეთი ფერები, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს მინახავს.
ირგვლივ ვიყურებოდი და ვცდილობდი გამეგო, სად ვიყავი, და დავინახე, რომ ჩემკენ ვიღაც მოდიოდა. შორიდანვე მაშინვე ვიცანი - ეს ჩემი შვილი იყო. ზუსტად ვიცოდი, რომ ის იყო და ვუთხარი: „სეიჯ, შენ ხარ?“ მან მიპასუხა: „ჰო, დედა, მე ვარ“. ჩემკენ წამოვიდა, მომიახლოვდა და ხელი ჩამკიდა. წამიყვანა, დამსვა და მითხრა: „დედა, რას აკეთებ? შენი დრო ჯერ არ მოსულა. ვიცი, როგორ გენატრები და მეც საშინლად მენატრები, და რაც არ უნდა საოცარი იყოს დღეს შენი დანახვა, აქ არ უნდა იყო. მაპატიე, მაგრამ მე უნდა წავიდე და შენ უკან უნდა გაგაბრუნო“. მე ვუთხარი: „მაგრამ უკან დაბრუნება არ მინდა. შენთან მინდა დარჩენა აქ“. მან მიპასუხა: „ამას ვერ იზამ, დედა. შენი დრო არ არის. შენ ჯერ კიდევ გაქვს საქმეები, რაც უნდა გააკეთო“. მე ვკითხე: „შეიძლება ჩაგეხუტო და გაკოცო, სანამ წავალ?“ მან მიპასუხა: „ყველაფერი შეგიძლია, რაც გინდა“. თავი კალთაში ჩამიდო და მე მის თმას ვეფერებოდი, ის კი თავისი ჩვეული ღიმილით შემომყურებდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ის მშვიდად იყო - ამას ვგრძნობდი მის სხეულში, მის შეხებაში, მის სურნელში. მან მითხრა: „მაპატიე, დედა, ახლა უნდა წავიდე. მე დაგელოდები, შენ კი გაიგებ, რა არის შენი დანიშნულება“.
სანამ ეს მოხდებოდა, ხშირად ვმედიტირებდი და ამ დროს ყოველთვის სეიჯს ვხედავდი ხოლმე. ის ხელს ჩამკიდებდა, სკამთან მიმიყვანდა და ვსაუბრობდით. ამ სიკვდილისპირა გამოცდილების დროს, როდესაც ის ჩემთან მოვიდა, ზუსტად იმავე სკამთან მიმიყვანა. უსაზღვრო სიმშვიდე, მყუდროება და ენით აღუწერლად დიდი სიყვარული ვიგრძენი - საოცრად ბევრი სიყვარული. როგორც კი მითხრა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი, საავადმყოფოში გამეღვიძა. სრულიად გაოგნებულს, მოწიწებითა და მოკრძალებით აღსავსეს.
ნათარგმნია IANDS-ის არქივიდან: https://research.iands.org/research/nde-research/nde-archives31/newest-accounts/1899-suicide-sees-deceased-son-and-he-tells-her-to-return-but-grants-her-wish.html