10 ივლისი 2026
2026 წლის 29 აპრილს გარდავიცვალე, ღამის 12-დან 2 საათამდე შუალედში. ოფიციალურად, კლინიკური სიკვდილი დამიფიქსირდა; გული გამიჩერდა. ოთხი წუთის განმავლობაში გათიშული ვიყავი და ჩემს მოსაბრუნებლად გულმკერდის კომპრესიის ორი რაუნდი და ეპინეფრინის ინექცია გახდა საჭირო. რთული აბდომინალური ჰისტერექტომიიდან რამდენიმე საათის შემდეგ, გამოჯანმრთელების პროცესში, არტერიის ნაკერი გაიხსნა, რამაც შინაგანი სისხლდენა გამოიწვია.
მჯერა, რომ სიცოცხლე ღმერთმა დამიბრუნა, რომელიც სამედიცინო გუნდისა და მთელ ამერიკაში მცხოვრები ადამიანების ლოცვების მეშვეობით მოქმედებდა.
სიკვდილის ეს გამოცდილება ჩემთვის ერთდროულად გამაოგნებელიცაა და მისი სრულად აღწერაც შეუძლებელია. ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე ის ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს 7 კვირა გავიდა ამ შემთხვევიდან და უკვე მქონდა საუბრები კაპელანთან, ორ რაბინთან და თერაპევტთან.
პირველი, რაც მინდა დაიმახსოვროთ, არის ის, რომ სიკვდილი საშიში არ არის. სიკვდილი სიყვარულით სავსე სახლში ყოფნას ჰგავს. სიკვდილი დასასრული არ ყოფილა, მაგრამ ის განსხვავდებოდა დედამიწაზე ადამიანის სხეულებრივი გამოცდილებისგან. მაგალითად, მართალია, როცა მკვდარი ხარ, ტორტი არ გაქვს, მაგრამ მკვდარს არც გინდა ტორტი. ასე რომ, სინამდვილეში სავსებით ნორმალურია, რომ ტორტი არ არის. აბსოლუტურად მშვიდად ხარ ტორტის არარსებობის გამო.
როცა გული გამიჩერდა, განვიცადე ის, რასაც მხოლოდ „სიცარიელედ“ თუ აღვწერ. მთლიანად გარემოცული ვიყავი უხმო სიბნელითა და ფიზიკური შეგრძნებების აბსოლუტური არარსებობით. ვიგრძენი ყოვლისმომცველი სიმშვიდე, სიყვარული და სიწყნარე, როგორიც მანამდე არასდროს განმეცადა.
თავს სრულყოფილად ვგრძნობდი. თითქოს ყოველთვის ვიყავი და ყოველთვის ვიქნებოდი სრულყოფილი, მშვიდი და სიყვარულში გახვეული.
სიჩუმე იყო. ან უბრალოდ, ბგერებს ვერ აღვიქვამდი.
ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობდი, რომ შემეძლო უფრო დიდხანსაც დავრჩენილიყავი. დრო, ან მისი ჩემეული აღქმაც, განსხვავებული იყო. არ მიგრძვნია, რომ იქ დიდხანს ვიყავი, მაგრამ საიმისოდ საკმარისად ვიყავი, რომ სრულად მეგრძნო ეს უსაზღვრო სიმშვიდე.
შემდეგ მახსოვს, როგორ „დავინახე“ ნათება. და მერე ის გაქრა.
როცა ნათება გაქრა, მხოლოდ მაშინ შევიგრძენი სიცარიელის სრული არსი (სიყვარული, სიმშვიდე და სიწყნარე). ეს „ნათება“ ჩემთვის სრულიად უცხო არ არის. გიდირებული მედიტაციების დროს, როცა მთხოვენ ჩემი ჭეშმარიტი არსის ვიზუალიზაციას, ჩნდება ყველაზე მბზინავი და მოციმციმე ოპალი, რომელიც იმ ნათებას ჰგავს, რაც სიცარიელეში განვიცადე.
როცა ეს ნათება მეორედ „დავინახე“, ვიგრძენი, რომ ალბათ ცნობისმოყვარეობა უნდა გამომეჩინა, მაგრამ მერე უკან დავბრუნდი.
„დაბრუნებისას“ ჩემი პირველი მოგონება სახეზე ჟანგბადის ნიღბის შეგრძნება იყო. მახსოვს, ორჯერ ვაღებინე, ვსუნთქავდი და მიკვირდა, როგორ შემეძლო ასე ღრმად სუნთქვა პირღებინების შემდეგ. ასევე მიკვირდა, სად წავიდა ნაღებინები მასა, რადგან თითქოს ჯადოსნურად გაქრა. ნუთუ არსებობდა რამე მაგარი სამედიცინო მოწყობილობა, სტომატოლოგის ნერწყვის გამწოვის მსგავსი, რომელიც პოულობდა და აქრობდა მას? პასუხი ამაზე არის - არა. ნაღებინები მიდის იქ, სადაც ფიქრობთ, რომ მიდის, როცა სხვაგან წასასვლელი არ აქვს... უკან, საიდანაც ამოვიდა. საბედნიეროდ, პირღებინებაზე საუბარი ამით დავასრულოთ!
გულმკერდის კომპრესიის, ეპინეფრინის ინექციისა და იმ სამედიცინო პერსონალის გარდა, რომლებმაც დამაბრუნეს, ჩემი სიკვდილის ეპიზოდის დროს სამი მნიშვნელოვანი ლოცვა ითქვა, რომელთა გახსენებაც მინდა.
პირველი ლოცვა. ჩემი გონება ჩემივე ფიზიკური გამოცდილების დამკვირვებელს ჰგავდა. ვამჩნევდი რაც ხდებოდა, რომ ვაღებინებდი, ვსუნთქავდი, ისევ ვაღებინებდი და მერე ისევ ვსუნთქავდი, მაგრამ პანიკაში არ ვყოფილვარ. ცნობისმოყვარე დამკვირვებლად ვრჩებოდი. მრავალწლიანი მედიტაციის შემდეგ, სიკვდილისპირა გამოცდილება დამჭირდა იმისათვის, რომ ნამდვილ დამკვირვებლად ვქცეულიყავი. ერთ მომენტში მივხვდი, რომ ხალხი ჩემს დასახმარებლად მუშაობდა და მეც მომინდა დახმარება. ამიტომ გავაკეთე ერთადერთი რამ, რაც შემეძლო. წარმოვთქვი „შმა“. („შმა“, ებრაულად „მოსმენას“ ან „გაგონებას“ ნიშნავს და იუდაიზმში ყველაზე წმინდა და ცენტრალური ლოცვაა, რომელიც მონოთეიზმს ადასტურებს).
მეორე ლოცვა. მას შემდეგ, რაც გონს სრულად მოვედი და სასუნთქი მილი და მაჯის სამაგრები მომხსნეს (ვვარაუდობ, რომ ეს მიღებული წესია, რადგან ინტუბაცია შფოთვას იწვევს), ლიზმა, ჩემმა ექთნამა ქირურგიული ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან, მკითხა, მინდოდა თუ არა ჩემს დასთან, დ.-სთან საუბარი. შედგა ცრემლიანი შეხვედრა, სადაც მას ვუთხარი: „მე მოვკვდი; ხომ სიგიჟეა?“ მან გამიზიარა, რომ შუაღამისას გაიღვიძა მას შემდეგ, რაც კოშმარი დაესიზმრა, თითქოს სკამზე ვისხედით მე და დედაჩვენი, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. ამ ხილვით იმდენად შეშფოთებული იყო, რომ გაღვიძებისთანავე ალაჰის მიმართ ლოცვა დაიწყო და ჩემს კარგად ყოფნას სთხოვდა. როგორც კი გათენდა, დენვერის საავადმყოფოებში დაიწყო რეკვა ჩემი მდგომარეობის გასაგებად. ყველა საავადმყოფოში. გონებაში ჩავინიშნე: ყოველთვის მიაწოდე შენს დას „რუტინულ“ ოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, განსაკუთრებით საავადმყოფოს სახელი. (შაჰადა არის მუსლიმური ლოცვა, რომელიც მონოთეიზმის ფუნდამენტური დეკლარაციით იწყება).
მესამე ლოცვა. რამდენიმე დღით წინ გადავინაცვლოთ, ჩემი სიკვდილისპირა გამოცდილების შემდგომ კვირა დღეს. მას შემდეგ, რაც ჩემს ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს, რომელიც დასავით მყავს, მოვუყევი განცდილის შესახებ, მან მითხრა, რომ ოთხშაბათ დილით (იმ დღეს, როცა გული გამიჩერდა) გაეღვიძა სიზმრიდან, რომელშიც მე გარდავიცვალე. სიზმარში ის დენვერში ჩამოფრინდა ჩემი ოჯახის დასახმარებლად. გაბრაზებულს გაეღვიძა და იესოს ლოცვით შეევედრა ჩემს დაცვას.
არ მიკვირს, რომ ამ ყველაზე უმწეო და მოწყვლად მომენტში თითოეულმა ჩვენგანმა იმ ენებსა და სიტყვებში ილოცა, რომლებიც ჩვენი სულიერი ტრადიციების ნაწილია. მართლაც მადლიერი ვარ, რომ მაქვს სულიერი პრაქტიკა, რომელსაც ინსტინქტურად მივმართავ, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში.
ემოციებით ვივსები იმაზე ფიქრით, თუ რას იგრძნობდნენ ჩემი დები იმ ღამეს და ძალიან მადლიერი ვარ მათი ლოცვებისთვის. მჯერა, რომ მათმა ლოცვებმა იმოქმედა. ჩემი ოჯახის მიტოვებაზე ფიქრი ამ სიკვდილისპირა გამოცდილების ყველაზე მძიმე ნაწილია. ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი ვარ. ჩემს ოჯახში ქალები, როგორც წესი, 80-90 წლამდე ცოცხლობენ. მამაჩემის დედა 102 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. სერიოზულად არც მიფიქრია სიკვდილზე, როგორც ამ „რუტინული“ ოპერაციის პოტენციურ შედეგზე, რომელსაც წელიწადში 400,000-ზე მეტი ქალი იკეთებს, რადგან მხოლოდ 45 წლის ვარ.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მადლიერი ვარ ჩემი სამედიცინო გუნდის, რომელმაც უკან დამაბრუნა. ის დამატებითი დრო, რომელიც საყვარელ ადამიანებთან გასატარებლად მომეცა, ყველაზე დიდი საჩუქარია.
ნათარგმნია IANDS-ის არქივიდან: https://research.iands.org/research/nde-research/nde-archives31/newest-accounts/1948-woman-s-heart-stops-following-surgery-and-her-sister-and-friend-both-dream-she-died-and-pray-for-her.html